აშშ

92 წლის ასაკში პოლ ვოლკერი გარდაიცვალა — მას ინფლაციის მომთვინიერებლად მოიხსენიებდნენ

92 წლის ასაკში, ნიუ-იორკში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლ ვოლკერი გარდაიცვალა. ვოლკერის მუშაობის 10 წელიწადში ინფლაცია 11.2%-იდან 3.6% შემცირდა. მას ხშირად ინფლაციის მომთვიენერებლად მოიხსენიებდნენ. 

ვოლკერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია New York Times-მა მის შვილზე დაყრდნობით გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი დაზუსტებული არ არის, თუმცა Reuter-ის ცნობით, ბოლო წლებში ვოლკერი პროსტატის კიბოს ებრძოდა. 

ფედერალურ სარეზერვო სისტემას, რომელიც ამერიკაში ეროვნული ბანკის ფუნქციებს ასრულებს, ვოლკერი 1979-1987 წლებში ხელმძღვანელობდა. ვოლკერის სამუშაო ვადა ჯიმი კარტერისა და რონალდ რეიგანის პრეზიდენტობაზე მოდის. 

ამერიკულ მედიაში მას ხშირად ინფლაციის მომთვინიერებლსაც უწოდებდნენ. ამის მიზეზი კი მისი მუშაობის პერიოდში ინფლაციის ისტორიულად ყველაზე მაღალი შემცირებაა. ვოლკერის მუშაობის პერიოდში, 1980 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 15%-ს მიუახლოვდა, თუმცა ვოლკერის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, 1987 წელს მაჩვენებელი 3.6%-მდე შემცირდა. 

ვოლკერის გატარებული პოლიტიკის წყალობით მოხერხდა ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა პროცესს ჰქონდა გვერდითი ეფექტებიც. ვოლკერის მიერ შემოღებული მაღალი საპროცენტო განაკვეთის შედეგად შემცირდა ინვესტიციები აშშ-ის რეალურ სექტორში, რის შედეგადაც გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. 

2008 წელს, ბარაკ ობამამ ვოლკერი აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკის აღდგენის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა. სწორედ ამ ჯგუფს ევალებოდა 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრა. 

მაშინვე შემუშავდა და ამოქმედდა ე.წ. ვოლკერის წესი, რომლითაც ბანკებს საკუთარი სავალდებულო რეზერვებიდან ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აეკრძალა. 2011 წლის თებერვალში ვოლკერი პოსტზე General Electric გენერალურმა მენეჯერმა, ჯეფრი იმელტმა შეცვალა. 

კომენტარები