ოკუპირებული დონბასი

ოკუპირებულ დონბასში აპრილიდან რუსეთმა 125 000 პირზე რუსეთის პასპორტი გასცა

ვლადიმერ პუტინი
Vanity Fair

მიმდინარე წლის აპრილიდან რუსეთმა ოკუპირებულ დონბასში 125 000 პირზე გასცა რუსეთის პასპორტი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი ავრცელებს. 

მისივე ინფორმაციით, ოკუპირებული დონბასში მცხოვრებმა 160 000-მა პირმა განაცხადა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით.

დონეცკის რეგიონში, დაახლოებით, 4.5 მლნ კაცი ცხოვრობს, ლუგანსკში კი 2.2 მლნ. რეგიონებში მოსახლეობის, დაახლოებით, 40% ეთნიკურად რუსია.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ამ განცხადების პარალელურად პარიზში ნორმანდიის სამიტი გაიმართა, სადაც რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 3 წლის განმავლობაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ისინი სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ - 2019 წლამდე ცეცხლის შეწყვეტა; 2019 წლამდე პატიმრების გაცვლა; 2020 წლის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლება;

მხარეები 4 თვეში კიდევ ერთი სამიტის გამართვას აპირებენ.

24 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გამარტივდა. თავდაპირველად, 2017 წელს პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რაც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების პასპორტებს ვალიდურად ცნობს.  

აპრილის დასაწყისში დონეცკის ე.წ. ლიდერმა დენის პუშილინმა თქვა, რომ დონბასი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები