ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია

კუბილიუსი: თქვენს წარმატებას დიდი ძალა აქვს რუს ხალხზე, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ გზას

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები დასრულდა. ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს ისევე, როგორ უკრაინელ ხალხს ყირიმის ოკუპაციის და დონბასში მიმდინარე ომის გამო. ეს სრულიად მიუღებელია. ამას ძალიან მკაცრად ვიმეორებთ ყოველთვის, ვგმობთ რუსეთის ქმედებებს. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, და მე ამას ვცდილობ ევროპარლამენტში, რომ უნდა გვქონდეს უფრო ნათელი პოზიცია ევროკავშირში რუსეთთან დაკავშირებით."

კუბილიუსის თქმით, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს და უკრაინის მაგალითი რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნება და რუს ხალხს დაეხმარება ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში.

"ევროპარლამენტში გვექნება ფორუმი სახელწოდებით ევროპული რუსეთის მეგობრები. ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, სასარგებლო იქნება არა მხოლოდ თქვენი ქვეყნებისათვის, არამედ, საბოლოო ჯამში ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც დასავლურ საზოგადოებას შეუძლია გამოიყენოს იმისათვის, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მოახდინონ მათი ქვეყნის უფრო ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყნად ტრანსფორმაცია. თქვენი წარმატების მაგალითს დიდი ძალა აქვს რუს ხალხზე. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ამ დროისათვის კი, სამწუხაროდ, ჩვენ ვიწვნევთ მათი აგრესიული ქმედებების შედეგებს. ევროპის მხრიდან სოლიდარობა ქართველების, უკრაინელების მიმართ, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, როგორიცაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არის ის, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ." თქვა მან.

კომენტარები