პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხულორდავა: ოცნება ხალხს დაპირდა, რომ თავის დაუმსახურებელ ძალაუფლებას სხვებს გაუნაწილებდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დეპუტატი თამარ ხულორდავა, რომელმაც ქართული ოცნების უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო დატოვა, 10 დეკემბერს პარლამენტის სესიაზე პირველად წარსდგა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით. 

ხულორდავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მან და მისმა თანაგუნდელებმა უმრავლესობა და მმართველი პარტია დატოვეს. 

"ჩემთვის ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი ორი მიზეზის გამო,"- ამბობს ხულორდავა. 

მისი თქმით, პირველი მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის, როგორც უფრო სამართლიანის, არსს ეხება. ხულორდავას განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნებოდა სრული თავისუფლება, რომ მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე მიეღო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიცაა მნიშვნელოვანი ორგანოების დაკომპლექტება და უმაღლესი თანამდებობების პირების დანიშვნა.

"მთლიანობაში ეს უნდა გამხდარიყო პასუხისმგებლობის განაწილების საშუალებაც, ძალაუფლების გადანაწილებასთან ერთად, და უნდა მივეყვანეთ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკურ პროცესებამდე,"- თქვა ხულორდავამ. 

დეპუტატის თქმით, ის იმედოვნებს, რომ 2024 წელს მაინც პროპორციული საარჩევნო სისტემა ძალაში შევა და ამას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. 

მეორე მიზეზი, რის გამოც, ხულორდავას თქმით, მისთვის ამ კანონპროექტის მიღება პრინციპული საკითხი იყო, ისაა, რომ მმართველმა გუნდმა დადებული პირობა არ შეასრულა. 

"ეს დაპირება გასცა მმართველმა გუნდმა, რომ საკუთარ ამ დაუმსახურებელ ძალაუფლებას გადაანაწილებდა და შემდეგ თვითონვე თქვა ამ დაპირებაზე უარი,"- ამბობს ხულორდავა. 

დეპუტატის შეფასებით, ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებამ თავად გუნდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მმართველი გუნდის მიმართ ნდობა გაუქრათ. 

"ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მიუხედავად იმისა, აცნობიერენ თუ არა ამას ჩემი თანაგუნდელები,"- ამბობს ხულორდავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები