სასჯელაღშრულების დაწესებულებები

წულუკიანი: ციხეებში ე.წ მაყურებლების არსებობა ლეგენდებზე დაფუძნებული პრობლემაა

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი "ლეგენდებზე დაფუძნებულ პრობლემას" უწოდებს ნინო ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საპატიმროებში გავლენიანი კრიმინალები, ე.წ მაყურებლები არიან და სხვა პატიმრებს აკონტროლებენ.

წულუკიანმა ომბუდსმენს მოუწოდა, მასთან ერთად წავიდეს ე.წ ზონებში და "ხელი ჩამოართვას პატიმრებს".

ხოლო თუ სახალხო დამცველი ამაზე არ დათანხმდება, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ღია ეთერში დებატებზეც თანახმაა.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ციხეებში მთავარი პრობლემა სამედიცინო მომსახურების საკითხია და გაოცება გამოხატა, რომ ლომჯარიამ ამაზე არ ისაუბრა.

"გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშში არ მოხვდა, სამაგიეროდ ანგარიშში მოხდა ის, რაც ლეგენდებს უკავშირდება და არ უკავშირდება რელობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს. მათ შორის, საბჭოთა, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებული. გვაქვს სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები.

სახალხო დამცველმა თქვა, რომ უწყებებთან მუშაობისთვის მზად არის. მე მინდა, ამ შემოთავაზებით ვისარგებლო და შევთავაზო, რომ 15 დაწესებულებიდან ნებისმიერში, მათ შორის ე.წ ზონებში [ღია დაწესებულებებში] და მასთან ერთად წავიდე. იმედია, ის შეხვდება რიგით პატიმრებს. 2 წელია, საქმიანობს და სულ ოთხჯერ არის დაწესებულებაში ცნობილ პატიმრებთან ნამყოფი. ის საუბრობს რიგით პატიმრებზე, მაგრამ რიგითი პატიმრები მას არ უნახავს. რა თქმა უნდა, მისი ჯგუფის წევრები ხშირად დადიან, ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ, მაგრამ ჯობია, მან თავად ნახოს რეალური პატიმრები, რეალური პრობლემები.

არავითარი კრიმინალური მმართველობა დაწესებულებებში არ არის. დაწესებეულებებს მართავს სახელმწიფო. დაწესებულებებში, ისევე, როგორც თავისუფლებაზე, არის შემთხვევები, როცა ადამიანი ცდილობს, დაჩაგროს მეორე ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დროულად აღკვეთოს. შესაბამისად, ეს პრობლემა არის სხვანაირად დანახული", - თქვა წულუკიანმა.

______________________________

სახალხო დამცველმა დღეს, 10 დეკემბერს ციხეებში კრიმინალური სამყაროს წევრების, ე.წ მაყურებლების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სხვა პატიმრებს აკონტროლებენ.

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეს, სავარაუდოდ, არ არის ე.წ ქურდების მიერ ციხის მართვა კლასიკური გაგებით, თუმცა, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას.

ომბუდსმენის თქმით, სხვა პატიმრებთან "მაყურებლების" გარეშე გასაუბრება ვერც მისმა წარმომადგენლებმა მოახერხეს.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ციხეებში არაფორმალურ მმართველობას სისტემური ხასიათი აქვს და იმ დაწესებულებებში, სადაც ასეთი მმართველობა შეინიშნება, სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მკვეთრად დაბალია.

ომბუდსმენი ვერ აზუსტებს, ზუსტად რამდენი ხანია, რაც ციხეებში "მაყურებლები" გამოჩდნენ, თუმცა, მისი თქმით, სიღრმისეული კვლევა, მონიტორინგი, სპეციალიზებული შესწავლა სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ჩაატარა

კომენტარები