მოძრაობას "სირცხვილია" წლის უფლებადამცველის წოდება მიანიჭეს.
"სირცხვილია" დღეს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართულ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.
"უღრმესი მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციასა და საქართველოს 15 უნივერსიტეტს" - წერს მოძრაობა Facebook გვერდზე.
ღონისძიებაზე ადამიანის უფლებათა დამცველის და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს აჯილდოებენ.
მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისის მოვლენების, გავრილოვის ღამის შემდეგ შეიქმნა და ანტისამთავრობო აქციების მთავარი ორგანიზატორია.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული იმართება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
ღონისძიების მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.