ახალი მიკროავტობუსები

კალაძე: შემოვიყვანთ ახალ მიკროავტობუსებს ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები

თბილისის მიკროავტობუსი

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ კომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას და დედაქალაქში ახალ მიკროავტობუსებს შემოიყვანენ, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020 წლიდან დაიწყება.

ვიცე-მერის ინფორმაციით, მიკროავტობუსების განახლებას მერია და თბილისის მიკროავტობუსი ერთობლივად იწყებენ, მემორანდუმი დღეს გაფორმდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, რომლის მიხედვით თბილისში 300 ახალ მიკროავტობუსს შემოიყვანენ.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თავდაპირველად მიკროავტობუსებს მერია შეიძენს, ხოლო მას შემდეგ, რაც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ფინანსურ პარამეტრებს გააუმჯობესებს, მიკროავტობუსებს გამოისყიდის.

"შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები. დადგენილი და შეთანხმებულია, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით, მოვახერხებთ იმას, რომ უკვე შემდგომ პერიოდში კომპანია დარჩენილი პარკის ჩანაცვლებასაც გააკეთებს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების ჩანაცვლებასაც", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და არ აქვს რესურსი, რომ მიკროავტობუსები თავად ჩაანაცვლოს. ვიცე-მერის თქმით, კომპანიის გადმოსახედიდან ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმური იყო და ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 ნოემბერს ვიცემერს დაავალა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკება, რათა 2020 წლიდან უკვე დაიწყოს მიკროავტობუსების პარკის განახლების პროცესი. კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ორ კვირაში ითხოვდა და ამბობს, რომ აღარ აპირებს "კიდევ რამდენიმე წელი ლოდინს".

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა და თქვა, რომ "შეიძლება, ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს". დავით ასანიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

კომენტარები