მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ბოლო ოთხ თვეში მეოთხედ, 9%-მდე ზრდის

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდა გადაწყვიტა 9%-მდე.

სექტემბრიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მეოთხედ გაზარდა. სამი თვის წინ განაკვეთი 6.5%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიზეზად ამჯერადაც ვალუტის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომავალ წნეხს ასახელებს.

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები