თეთრი ტაქსები

კალაძე: ქალაქში მოძრაობს თეთრი ტაქსები, რომლებიც მთლიანად რეკლამითაა შეფუთული, ეს მიუღებელია

თბილისის მერის თქმით, ქალაქში მოძრაობს თეთრი ტაქსები, რომლებიც "მთლიანად რეკლამითაა შეფუთული". კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ეს მიუღებელია და მერიის მიერ დაწესებულ ვიზუალურ სტანდარტს სცდება.

"ძალიან სასაცილოა რა, თემა არის შემდეგში - თავიდან, როცა ეს გავაჟღერეთ, გვეუბნებოდნენ, ნუ, რა რეკლამა, რა რეკლამა უნდა გავაკრა მანქანაზე და ა.შ. ვუხსნიდით, რომ ეს მათთვის იქნებოდა შემოსავალი, შემოსავლის დამატებითი წყარო. ადამიანები თავიანთ ავტომობილებზე დააკრავდნენ სხვადასხვა კომპანიის რეკლამას და ამით მიიღებდნენ შემოსავალს, ეს იქნებოდა მათი საკუთრება. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, თავიდან არ სჯეროდათ, ზოგს შეიძლება არ მოსწონდა ან არ ჰქონდა სურვილი, რომ გაეკეთებინათ კონკრეტულ გამოყოფილ ადგილებზე რეკლამა. და დღეს რა მივიღეთ? - ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც მთლიანად, ყველგან რეკლამაა გადაკრული. ჯერ იყო, საერთოდ არ უნდოდათ რეკლამა, დღეს უკვე ქალაქში გადაადგილდება ტაქსები, რომლებიც მთლიანად რეკლამით არის შეფუთული. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დამტკიცებული", - თქვა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მან განმარტა, რომ A კატეგორიის ტაქსებზე, რომლებიც თეთრი ფერის უნდა იყოს, რეკლამის განთავსების შესაძლებლობა არის, თუმცა ამისთვის კონკრეტული ადგილებია გამოყოფილი. კახა კალაძის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრულმა ტაქსის მძღოლები რეკლამის გამო დააჯარიმა. ის ამბობს, რომ ჯარიმა იწერება იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზეც, რომ ზოგიერთ ტაქსს უკანა ნაწილი აქვს სხვა ფერის და "თვითონ არის ტაქსი თეთრი ფერის". კალაძის თქმით, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული და თუ არ მოწესრიგდება, იქნება ჯარიმები.

კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, განმარტოს ტაქსის ვიზუალური სტანდარტი და ტაქსის მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ასევე თქვა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, ბამპერები არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი".

კომენტარები