საარჩევნო სისტემა

წულუკიანი: მინახავს, როგორ იქსოვება ძაფები მაჟორიტარს და ხალხს შორის

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოველთვის დაიცავს მაჟორიტარულ სისტემას, ვინაიდან ეს არის საქართველოში პოლიტიკოსების ჩამოყალიბების საწინდარი.

წულუკიანის თქმით, "ეს არის ის ერთობა, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს პარლამენტში, რა არის საქართველო".

"მე თვითონ ყოფილი მაჟორიტარი ვარ, მინახავს, როგორ იქსოვება ძაფი მაჟორიტარ კანდიდატს და ხალხს შორის და ეს ძაფი მართლაც პოლიტიკურია. და ეს არის პოლიტიკა, ამ ძაფის ქსოვა მაჟორიტარს და ხალხს შორის. ზოგჯერ ეს ძაფი ისე მჭიდროდ იქსოვება, რომ ბევრ ხმას აგროვებს, ზოგჯერ ვერ იქსოვება და ცოტა ხმას აგროვებს. შემდეგ, როდესაც აგირჩევენ, ამ გაბმული პოლიტიკური ურთიერთობის შენარჩუნება.. ეს არის პოლიტიკა, ჩემი განსაზღვრებით", - თქვა წულუკიანმა 'იმედის" ეთერში.

წულუკიანმა თქვა, რომ ეს "სენტიმენტები, რაც არის პოლიტიკა", N2 არგუმენტია მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ, პირველი კი შიში და წუხილია იმაზე, რომ პროპორციული წესით დაკომპლექტებული პარლამენტი თვეების განმავლობაში ვერ დააკომპლექტებს მთავრობას.

"მე რატომაც ნულოვანი პროპორციული არ მომწონდა, N1არგუმენტი ჩემთვის იყო შიშთან დაკავშირებული და მე არ მრცხვენია შიშზე საუბარი - წუხილს რომ ეძახიან კულტურულ პოლიტიკურ ენაზე - მაგალითებია მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ოკუპირებული არ არის - შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არჩევნების მერე მივიღებდით ისეთ პარლამენტს, რომ თვეების მანძილზე ვერ შევქმნიდით მთავრობას. არა ქართული ოცნების მთავრობას, არამედ მთავრობას იმ პარტიებისგან, ვინც შევიდოდა პარლამენტში.

თქვენ წარმოიდგინეთ, ოკუპირებულ ქვეყანაში 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 9 თვე (რაც ევროპულ ქვეყნებში ყოფილა) მთავრობა არ არის, გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ხელფასის ჩამრიცხავი არ არის, ჯარისთვის მითითების მიმცემი არ არის, მხოლოდ არის პარლამენტი, რომელიც იკრიბება და საუბრობს. ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი წუხილი და ამიტომ არ მომწონდა ეს მოდელი", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასა და შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. იგეგმება მესამე შეხვედრაც. შეხვედრები ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების ინიცირებულია.

ორ შეხვედრაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ე.წ გერმანულ მოდელზე კონსენსუსი ვერ შედგა, თუმცა, წულუკიანმა თქვა, რომ იმსჯელებენ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი 14 ნოემბერს ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ გავრილოვის ღამის და მასშტაბური აქციების შემდეგ გასცა.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა 14-მა დეპუტატმა დატოვა.

კომენტარები