სალომე ზურაბიშვილი

სააკაშვილი: ზურაბიშვილის განცხადება გამოხატავს იმას, რაც სურთ ივანიშვილს და რუსეთს

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველოს არ ყავს ჯარი, იარაღი და არც ეყოლება, არის პირდაპირი გამოხატულება იმისა, რაც რუსეთს და ივანიშვილს სურთ.

ექსპრეზიდენტმა ფეისბუქზე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.

"ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არავის გაუკეთებია.

ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს. ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი

ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების.
ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების.

მაგრამ, ამის გარდა, ეს არის შეგნებული პოლიტიკის გამოხატულება. რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში. ყველაზე წინწასულ ელექტრონულ სისტემას "ლაზიკას" საბრძოლო მანქანებზე. საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორს "დიდგორს". პირველად მსოფლიოში უხმო ყუმბარმტყორცნს.

ამას გარდა, 2012 წელს მე მოვაწერე ხელი ობამასთან, რომლის მიხედვითაც აშშ აწვდის ძალიან დახვეწილ იარაღს საქართველოს. ამიტომ საქართველოს იარაღი აქვს და შეუძლია აწარმოოს ძალიან მაგარი იარაღი", - ამბობს სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".

კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

კომენტარები