სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

თავდაცვის ძალების მეთაური: საქართველოს თავდაცვის ძალები რეგიონში ერთ-ერთი სერიოზულია

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები რეგიონში ერთ-ერთი სერიოზულია და მოდერნიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

ის ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება".

"მე არ ვიცი რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, თუმცა ვფიქრობ ამაზე თავად გააკეთებს განმარტებას. მე შემიძლია ვთქვა ის, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არის რეგიონში ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალები თავისი შეიარაღებით და მოდერნიზაციით. მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯაველინი ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ფრანგული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღეასთან და შეიარაღებასთან", - ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, გუშინ, 10 დეკემბერს თქვა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არამხოლოდ დღევანდელი დღით".

მას შემდეგ, რაც მის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტის სიტყვა დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი, სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

კომენტარები