სასამართლო სისტემა

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, უზენაესში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა დანიშნონ

საქართველოს უზენაესი სასამართლო
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების დანიშვნა, აზრს დაუკარგავს საქართველოს პარლამენტში წარმართულ ღია, გამჭვირვალე, კონსტრუქციულ პროცესს, დიდი ხნით დაასამარებს სასამართლოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების შანსს.

ორგანიზაციები ეხმაურებიან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კენჭისყრის პროცესს, რომელიც ხვალ, 12 დეკემბერს, იურიდიულ კომიტეტში უნდა გაიმართოს. კომიტეტი პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს კენჭს სათითაოდ უყრის.

NGO-ები დეპუტატებს მოუწოდებენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, არ შეავსოს ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის.

ისინი პარლამენტს ასევე მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის უვადოდ არჩევის გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და მხედველობაში მიიღონ საკომიტეტო მოსმენებზე კანდიდატის მიერ წარმოჩენილი ცოდნა, სამოსამართლო ღირებულებების ერთგულება და მათი უნარ-ჩვევები. მივმართავთ უმრავლესობას, გამოიყენოს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მექანიზმი მოსამართლეების კანდიდატურაზე შესათანხმებლად და დამოუკიდებლად არ განაწესოს ისინი საკასაციო სასამართლოში.

"2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი გაუმჭვირვალე პროცედურით წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში. ამ ფაქტმა მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რის გამოც, ერთი წლის წინ, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (ე.წ. კლანის) მცდელობა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნულიყვნენ არსებული სისტემისადმი ლოიალური პირები, წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ, პარლამენტმა კანონით განსაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები. მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნებიდან ნაწილის გათვალისწინებისა, საბოლოო დოკუმენტმა მაინც დაიმსახურა კრიტიკა. ახალი რეგულირების პირობებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს 20 კაციანი სია წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მათი შერჩევის პროცესიც ცალსახად უარყოფითად შეფასდა. სიაში ძირითადად, გავლენიანი მოსამართლეები ან მათთვის მისაღები კანდიდატები, აგრეთვე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.

კანდიდატთა მოსმენები იურიდიულ კომიტეტში გამჭვირვალედ წარიმართა. საკომიტეტო მოსმენებში დეპუტატებთან ერთად დაუბრკოლებლად მონაწილეობდნენ სამეცნიერო წრეების, ადვოკატთა კორპუსის, სახელმწიფო იურიდიული სამსახურის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. მოქალაქეებს შეეძლოთ კანდიდატებისთვის განკუთვნილი კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაეგზავნათ, რომელიც ყველა შეკითხვას საჯაროდ სვამდა.

კითხვები შეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, ასევე სამუშაო გამოცდილებისა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს. კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კანდიდატების სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, მათი პასუხები კი - დაუსაბუთებელი. ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა კონკრეტული სუბიექტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც. მსგავსი დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ცალსახად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებისა და საკომიტეტო მოსმენების პროცესმა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. კანდიდატების უმრავლესობა არაადექვატურად აღიქვამს სამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში ასევე აწმყოში სასამართლოში არსებულ პრობლემებს ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე; პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას წარმართავს, ერთგვაროვან პრაქტიკას ამკვიდრებს და დარღვეულ უფლებას ბოლო ინსტანციით იცავს. სწორედ ამიტომ, მის წევრებს მოეთხოვებათ, სამართლებრივი აზროვნების და პიროვნული შეუვალობის მაღალი დონე, რასაც კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს" - წერა ორგანიზაციების კოალიციის განცხადებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ხვალ, 12 დეკემბერს, 09:30-ზეა დანიშნული. 

კომიტეტის კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს იმაზე, თუ ვინ წარსდგება პლენარულ სხდომაზე - პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს მაინც უყრის, თუმცა, იურიდიულ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება გამოკვეთს, ვის მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი. 

კომიტეტის სხდომის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. 

კომენტარები