ქართული ოცნება

კალაძე: გიწვევთ 14 დეკემბრის მასშტაბურ შეკრებაზე, ტრანსპორტირებას ჩვენ უზრუნველვყოფთ

0 კომენტარი
კახა კალაძე ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდი უერთდება. კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ "საზეიმო ღონისძიებაზე, მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ქართული ოცნება უზრუნველყოფს. 

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდა და შეიძლება ითქვას, დღეის მდგომარეობით თავისი მასშტაბებით გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია

ამ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ყველა რეგიონიდან, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით, ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ" - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერს სამოქალაქო აქტივისტების გავრცელებული ინფორმაცია შეახსენეს, რომ საჯარო სამსახურებში აიძულებენ 14 დეკემბრის აქციაზე მისვლას, რაზეც კალაძემ თქვა, რომ ზოგიერთი მედია ადამიანების "შეცდომაში შეყვანას" ცდილობს.

"ამბობენ, თითქოს შაბათ დღეს იმ ღონისძიებაზე ჩამოსვლა, რომელსაც აწყობს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია, დარღვევა და დანაშაულია. მინდა ყველა ჩვენს მხარდამჭერს მივმართო - არანაირი კანონდარღვევა არ არის, თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ, მობრძანდეთ, დაესწროთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ერთად ვიზეიმოთ ის, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს თქვენს აქ ჩამობრძანებას, პლუს ამას, ქართული ოცმება ყველანარი ტრანსპორტირების ხარჯს თავის თავზე იღებს და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტით ჩამოსვლა დედაქალაქში" - განაცხადა კალაძემ.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის დაგეგმილი აქციის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. პარტიაში ამტკიცებდნენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება.

ტაბულამ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩაკვეტაძეს ჰკითხა, არის თუ არა ეს კონტრაქცია და აპირებენ თუ არა პარტიის აქტივისტები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, იმ შემთხვევაში, თუ "სირცხვილიას" აქცია 14 დეკემბერს გაიმართება.

"არა, ისინი თუ დააპირებენ ჩვენთან დაპირისპირებას, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. ეს არის რუსული ინტერესების კონტრაქცია, რომლის წარმომადგენლებიც არიან "შეცვალე" და ნაციონალური მოძრაობა", - თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები