პარლამენტის პიკეტირება

ბოკერია: პარლამენტის პიკეტირება დილის 7 საათიდან დაიწყება, ნორმალური ცხოვრება არ ექნებათ

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პიკეტირება დილის 7 საათიდან დაიწყება. ბოკერია ამბობს, რომ თუ დეპუტატებს შენობაში შესვლა სურთ, მაშინ ღამე უნდა გაათენონ

"ან მოიყვანონ ისევ ასეულობით პოლიციელი და გამოიყენონ ბრიყვული, უკანონო და აბსოლუტურად სამარცხვინო ძალა. აი, ეს არის, მათ ნორმალური ცხოვრება არ ექნებათ. ჩვენ ამას დავპირდით. პოლიტიკური პარტიები კი არა, საზოგადოება სხვადასხვა ფორმით და ეს გაგრძელდება. ვნახოთ ვინ გაიღვიძებს დილის 5-ზე და ვინ მივა."- ამბობს ბოკერია ტვ. პირველის ეთერში.

პარლამენტის პიკეტირებას "სირცხვილიაც" აანონსებს. გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. აღნიშნული სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

 

კომენტარები