ვაჟა გაფრინდაშვილი

ციხელაშვილი: ჟენევაში, გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება იყო ერთერთი მთავარი თემა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ ჟენევის დისკუსიებიდან მიღებული პირველადი ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის თქმით, ოჯახთან კომუნიკაცია აუცილებელია და მათთან ერთად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, საზოგადოება და უკვე საერთაშორისო პარტნიორებიც ელოდებიან.  

"ოჯახს მეც და სახელმწიფოს სხვა უწყებების წარმომადგენლებიც რეგულარულად ვეკონტაქტებით და მათთან ინფორმაციის გაცვლა გვაქვს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჟენევაში, ჩვენი დელეგაციისათვის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა, რაზეც პარტნიორებთან ერთად ფოკუსირება მოახდინა. ასევე, რა თქმა უნდა, ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნის საკითხი"- ამბობს ციხელაშვილი.

უკვე 1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. მათი თქმით, თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები