საქართველოს პარლამენტი

"არ დაემორჩილნენ პოლიციას" - პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ისინი "არ დაემორჩილნენ პოლიციას".

"მოვუწოდეთ, გაეთავისუფლებინათ გზა, გადასულიყვნენ გზიდან, რაზეც გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნენ დაკავებულები" - ამბობს სირაძე, თუმცა, არ აკონკრეტებს, რამდენი აქტივისტი დააკავეს.

"მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გააგრძელონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს" - თქვა საპატრულო პოლიციის უფროსმა.

ტაბულა შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა დასაზუსტებლად, რამდენი ადამიანი დააკავეს აქციაზე. შსს-ში ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა, დაგვპირდნენ, რომ დაგვიკავშირდებიან. განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მათი რაოდენობა გაიზარდა. ამ წუთებში პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული.

ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. ეს სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

კომენტარები