იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი, პარლამენტთან ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ "მონა" და "უდიპლომო მოსამართლე".
ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილის 07:00-დან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.
დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს, გიგა გულორდავას, გუგული მაღრაძეს.
იქამდე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ გადაკეტეს, რაც მათი რაოდენობა გაიზარდა. პოლიციას ამ დრომდე ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული, დროდადრო სამართალდამცველებს და აქტივისტებს შორის დაპირისპირება ხდება, რადგან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველებმა ამ დრომდე 12 აქტივისტი დააკავეს.