ტაბულას ჟურნალისტის თიკო ერაძის თქმით, პარლამენტის მანდატურებმა მედიის წარმომადგენლები უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით სცემეს.
"ჟურნალისტებზე იძალადეს, გვცემეს, ხელები გვაქვს დალურჯებული და გადატყავებული, სხვებსაც ალბათ, მარტო ჩემზე არ არის, ყველას ასე ექცეოდნენ. ერთი გამორჩეულად მოძალადე მანდატური იყო, ალექსანდრე ყაველაშვილი ვარო და მითხრა - შენ გახვალ პირველიო, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა" - ამბობს ერაძე და აღნიშნავს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომას ჟურნალისტები წესის და რიგის მიხედვით აშუქებდნენ.
"არსად არ შევჭრილვართ, სადაც არ შეიძლებოდა გაშუქება კანონის მიხედვით, სხდომის გადადებას ითხოვდნენ ოპოზიციის დეპუტატები, ამის გამო იყო სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის. ჟურნალისტები მივედით, რა თქმა უნდა, ამას ვიღებდით, რომ ჩაგვეწერა სინქრონები, მანდატურები უცებ დაირაზმნენ, ყველანი ერთად, ძალადობით, ძიძგილაობით დაიწყეს ჟურნალისტებიდ და ოპერატორების გამმოყრა კომიტეტის დარბაზიდან, არ ვიცი რა ბრძანება ჰქონდათ ასეთი, მაგრამ დღეს, პარლამენტის მანდატურებმა უმრავლესობის დეპუტატების თანდასწრებით ჟურნალისტებზე იძალადეს...
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავწერე მერე, ვკითხე, მოეწონა თუ არა, რაც მოხდა აქ მოხდა. თქვა, მე როცა დავინახე, ჩავერიე და შემოგიყვანეთო. ორი მეტრი იყო ჩვენ სადაც გვცემდნენ იქიდან იქამდე, სადაც სოფიო კილაძე იჯდა, რატომ დაინახა ყველაფერი მაშინ, როცა მორჩა, ყველაზე იძალადეს და ყველა გამოყარეს, არ ვიცი.
ჩაერია და შემოგვიყვანეს იმიტომ, რომ მიხვდა, რაღაც საოცრება და სიგიჟე ხდებოდა. რომ გაგვლახეს უკვე, მერე კი არ უნდა ჩარეულიყო, მანამდე უნდა ეთქვა კომიტეტის თავმჯდომარეს და მათ შორის მანდატურებისთვის მიეცა ბრძანება, რომ ჟურნალისტებისთვის თავი დაენებებინათ და ძალის გამოყენებით ნუ გაჰყავდათ" - ამბობს თიკო ერაძე.
პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ მიაყენა. ხმაური იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაწყების პროცედურა გამოაცხადა, ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.
ეკა ბესელიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ ვერ გააგრძელებს სხდომას და ვერ ჩაატარებს კენჭისყრას, თუ მას სიტყვის საშუალებას არ მისცემდა. ოხანაშვილმა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადა.
მანდატურებმა ჟურნალისტების დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაყვანა სწორედ მაშინ დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მედიას დარბაზში ყოფნის უფლება აქვს. ამ დროს დაშავდა ტაბულას ჟურნალისტიც.