საპატრიარქო

მამა ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს

მთავარი

მამა ანდრია სარია საპატრიარქოში ეთიკის საბჭოს შეხვედრაზე დაიბარეს. სასულიერო პირი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ დაბარების მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რის საფუძველზეც მისთვის მღვდელმსახურების შეჩერებასაც არ გამორიცხავს. 

მღვდელი ამბობს, რომ მისი ეთიკის საბჭოზე დაბარება უკანონოა, რადგან მისივე თქმით, საბჭოს უფლებამოსილება ჭყონდიდის ეპარქიაზე არ ვრცელდება, რომელსაც თავად წარმოადგენს. ეთიკის საბჭოს მხოლოდ იმ სასულიერო პირების ქმედებათა შეფასების უფლებამოსილება აქვს, რომლებიც მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მსახურობენ. მამა ანდრია ამბობს, რომ საპატრიაქრომ მოგვიანებით შეცვალა ეს გადაწყვეტილება და იგი უკვე არა ეთიკის საბჭოში, არამედ უბრალოდ მღვდელმთავრებთან სასაუბროდ დაიბარეს. 

"ვიცი, რომ ქრისტიანის სტატუსს ვერავინ ვერ წამართმევს და ჩემთვის ამაზე უფრო მაღალი სტატუსი არ არსებობს. ამიტომ ვრჩები საქართველოში და ვიბრძოლებ ამ სტატუსით..." - ამბობს სასულიერო პირი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

სასულიერო პირები, რომლებმაც შეხვედრა უკვე დატოვეს, არ ამბობენ, რა გადაწყვეტილება მიიღეს საპატრიარქოში.

დღეს საპატრიარქოში ასევე დაბარებული იყო იღუმენია თამარი, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრესთან ერთად. 

იღუმენია თამარმა მოსვლაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი აზრით, ეს დაბარება უკანონო იყო.

შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ღიად საუბრობდა. იგი მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და აკრიტიკებდა საპატრიარქოს წარმომადგენლებს. 

კომენტარები