ვლადიმერ პუტინი

ყირგიზეთში ვლადიმერ პუტინს 2.5 მეტრიანი ძეგლი დაუდგეს

10 დეკემბერს, ყირგიზეთის ერთ-ერთ მთიან კურორტზე, ვლადიმერ პუტინის 2,5 მეტრი სიმაღლის ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. 

კურორტი ბიშკეკიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მისი დირექტორი აკბარ როზიევია. როზიევმა პუტინისთვის ძეგლის დადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის მიერ დაფინანსებული ფონდის მეშვეობით 1,4 მილიონი დოლარის სესხი მიიღო. სესხი როზიევს სწორედ, კურორტის განვითარებისთვის ჭირდებოდა.

როზიევის თქმით, კურორტის განვითარებისთვის სესხის გამოტანას დიდ ხანი ცდილობდა, თუმცა ყირგიზეთში ხელსაყრელი პირობები ვერ მიიღო. მოგვიანებით, მისი მოთხოვნა რუსეთ-ყირგიზეთის ერთობლივი განვითარების ფონდის მეშვეობით დაკმაყოფილდა. ფონდი 2014 წელს დაარსდა.

"მე არ ვიცოდი როგორ გამომეხატა მადლიერება ვლადიმერ პუტინის მიმართ და გადავწყვიტე მისთვის პატივი ამ ფორმით მიმეგო. პუტინის მხარდაჭერით ჩვენ ეხლა ბევრად უკეთესი ცენტრი გვაქვს", — ამბობს როზიევი. 

ფონდი, რომელმაც როზიევის პროექტი დააფინანსა რუსეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით დაარსდა. სწორედ, ამ ფონდის მეშვეობით ხდება ყირგიზეთის ინტეგრირება რუსეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში.

 

კომენტარები