თავდასხმა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე

ძიუდოისტი, რომელიც უგულავას ცემაში სდებს ბრალს, ოპოზიციის აქციაზე პროვოკაციას აწყობდა

ძიუდოისტი, რომელიც ევროპული საქართველოს ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხა, 16 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე პროვოკატორებთან ერთად იმყოფებოდა. 

ძიუდოისტი საბა (ბადრი) გავაშელიშვილი ამტკიცებს, რომ უგულავა მას თავს დაესხა თავს და პოლიტიკოსის დარტყმებისგან მან ფიზიკური ტკივილი იგრძნო. 

ოპოზიციის წევრი ირაკლი ნადირაძე, რომელიც 16 ნოემბერს აქციაზე პროვოკატორების მისვლის დროს იქ იმყოფებოდა, ყვება, რომ დაახლოებით, 13:45 წუთზე ერთერთმა პირმა მოულოდნელად სხვებს ხელით ანიშნა, რომ რაღაც უნდა დაეწყოთ.

"ხელით ნიშნებისთანავე აქციაზე მოტოციკლეტით შემოვარდა პირი, რომელსაც თან ახლდა გავაშელიშვილი," - ყვება ნადირაძე მთავარ არხთან ინტერვიუში. 

ნადირაძემ თავადაც გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ახლავს თან გავაშელიშვილი მშვიდობიანი აქციის დასაშლელად მისულ პროვოკატორებს. 

11 დეკემბერს უგულავასა და მის თანაგუნდელს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. ევროპული საქარველოს ლიდერები საქმიანი ვიზიტისთვის მიფრინავდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად ბრალის გავაშელიშვილისთვის წაყენებისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. ძიუდოისტი გავაშელიშვილი ამტკიცებს, რომ მას უგულავამ სცემა და ამ სცემის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა. 

გავაშელიშვილის ჩვენებაში, რომელიც მთავარმა არხმა მოიპოვა, ძიუდოისტი წერს, რომ მან შორიდან დაინახა, რომ მისი მეგობარი დავით პარკაძე და პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. 

"რა დროსაც გიგი უგულავამ დავით პარკაძეს მიმართა უცენზურო სიტყვებით, შეაგინა და გაიწია მისკენ დასარტყამად. გიგი უგულავას მიახლოების საშუალება არ მივეცი დავით პარკაძესთან, ჩავდექი მათ შორის და შევეცადე, შემეჩერებინა გიგი უგულავა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მომიქნია მუშტი, რომელიც მე მოხვდა სახის არეში, კერძოდ კი მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. მოგერიების მიზნით მე ხელი ვკარი გიგი უგულავას და მოვიშორე იგი, ამის შემდეგ გიგი უგულავამ რამდენჯერმე დამარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში," - წერს ძიუდოისტი. 

სპორტსმენის ჩვენებით, უგულავა ამჯერად მას მივარდა და მათ შორის ძიძგილაობა დაიწყო, რაც ჭიდაობაში გადაიზარდა. 

"რა დროსაც გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ დამარტყა ხელი სახის არეში, კერძოდ კი, ტუჩის არეში მარჯვენა მხარეს. ჭიდაობის დროს ჩვენ ორივენი წავიქეცით იატაკზე. აქვე აღვნიშნავ, რომ გიგი უგულავას მიერ მოყენებული თითოეული დარტყმის შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი და მივიღე ფიზიკური დაზიანება,"- ყვება ძიუდოისტი. 

ათლეტის თქმით, მათ შორის არსებული ჩხუბი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, რომლებიც მათთან გასაშველებლად მივიდა. 

"მინდა, განგიმარტოთ, რომ გიგი უგულავას მიერ მოყენებული დარტყმების შედეგად მე დაზიანება მივიღე მარჯვენა თვალ-ბუდის არეში, ტუჩის არეში მარჯვენა და აღნიშნული დაზიანებები მომაყენა გიგი უგულავამ და დაზიანებების მოყენებისას განვიცადე ფიზიკური ტკივილი. ინციდენტის დროს მე ასევე დამიზიანდა ტანსაცმელი, მოწითალო ფერის სვიტერი, რომელიც გაიხა ყელის, კისრის, მკერდის და მარცხენა იღლიის მხარეს,"- ყვება გავაშელიშვილი. 

საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერსს უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ასევე ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა - პოლიტიკოსმა პასპორტი და ID ბარათი უნდა ჩააბაროს. 

უგულავა მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ივანიშვილს, როდესაც თავდამსხმელები მიუგზავნა, რათა მას ქვეყნიდან გასვლა არ შეძლებოდა. 

კომენტარები