გაერთიანებული სამეფო

ეგზიტპოლი: ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს

0 კომენტარი

BBC-ის ეგზიტპოლის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მეთაურობით.

ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორები თემთა პალატაში 650-დან 368 მანდატს მიიღებენ, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 51-ით მეტია. უმრავლესობისთვის მათ 326-იც ეყოფოდათ. მეორე ადგილზე გასული ლეიბორისტები ჯერემი კორბინის მეთაურობით 191 ადგილს აიღებენ. ისინი 71 მანდატს კარგავენ, რაც სოციალისტებისთვის 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია ჯამში 55 წევრს შეიყვანს პარლამენტში, რაც წინა ჯერთან შედარებით 20-ით მეტია. ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ დემოკრატებისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა - კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ორპარტიული ჰეგემონიის გარღვევის ნაცვლად, მათ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ 13 წარმომადგენელი შეჰყავთ.

გაერთიანებულ სამეფოში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა გაწელა პრემიერმინისტრ ჯონსონის მიერ შეთავაზებული შეთანხმების განხილვა ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე.

ბოლო ოთხ წელიწადში ბრიტანეთში უკვე მესამედ ჩატარდა არჩევნები - ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ გაპრემიერებულმა ტერეზა მეიმ 2017 წელს ხელახალი მანდატის მიღება გადაწყვიტა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და უმრავლესობა დაკარგა. შედეგად, კონსერვატორები ჩრდილო ირლანიელ იუნიონისტებთან პაქტით დარჩნენ მთავრობაში. ბორის ჯონსონის გაპრემიერების შემდეგ კონსერვატორების რიგები კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, 21 მათგანი კი პარტიიდან გარიცხეს, რის გამოც, პარლამენტში ამ დრომდე სამუშაო უმრავლესობა, ფაქტობრივად, არც ერთ პარტიას ჰქონდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები