საკონსტიტუციო ცვლილება

მდინარაძე: უნდა მივიღოთ ცვლილება, რომ 2024-მდე რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს

ტაბულა

მამუკა მდინარაძე, მმართველი პარტიის სახელით აცხადებს, რომ თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება დადგა, ის არსებული შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. 

მდინარაძის თქმით, ამის შესახებ ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმება მიღწეულია.

მდინარაძემ ამ საკონსტიტუციო ცვლილების საჭიროება იმით ახსნა, რომ "ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე საუბარი "მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს". 

"უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.

ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით. 

შესაბამისად ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან",- თქვა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, თუ მმართველი გუნდი "ამ გარანტიის შექმნას ვერ შეძლებს, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით".

მდინარაძის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა - 113 დეპუტატის ხმა დასჭირდება. ქართულმა ოცნებას კი საკონსტიტუციო უმრავლესობა 2019 წლის თებერვლიდან არ აქვს, როცა მმართველი გუნდი ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს. 

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა და საკონსტიტუციო კანონის პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კიდევ 15-მა დეპუტატმა დატოვა. ახლა უმრავლესობაში 89 დეპუტატია. თუმცა, ვინაიდან მათგან სამმა მანდატიც დატოვა, მათ ქართული ოცნების პარტიულ სიაში მყოფი ადამიანები ჩაანაცვლებენ და უმრავლესობის წევრების რიცხვი 92-მდე გაიზრდება. 

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც 2020-ის პროპორციული წესით ჩატარებას ხელი შეუშალა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი მოამზადა. 

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

კომენტარები