სასამართლო სისტემა

კალაძე ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: მათგან რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა

0 კომენტარი
ფოტო: instagram.com/kakhakaladze/

კახა კალაძე უვადო მოსამართლეების არჩევას გამოეხმაურა. ქალაქის მერის თქმით, უვადო მოსამართლეების შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა მოხვდა. 

"ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდეს. მათგან, ვინც იქნა დამტკიცებული არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა. მთავარი არის ის, რომ იყო ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შსს, ყველაფერი იყო ეს ადამიანი,"- თქვა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატს 19-დან მხარი დაუჭირა.

მერაბ გაბინაშვილი 

მირანდა ერემაძე 

მამუკა ვასაძე 

მაია ვაჩაძე

თამარ ზამბახიძე

შალვა თადუმაძე 

ვლადიმერ კაკაბაძე 

ლევან მიქაბერიძე 

გიორგი მიქაუტაძე 

ნუგზარ სხირტლაძე 

ლალი ფაფიაშვილი 

ნინო ქადაგიძე 

ქეთევან ციცნცაძე 

ალექსანდრე წულაძე 

კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტური თანამდებობისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხნა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი პარლამენტს მიმართეს მოწოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აირჩიონ უვადო მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა. თუმცა, მმართველმა გუნდმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. 

_________________________________________________________________________

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა და სწორედ მათ გაესაუბრა პარლამენტი. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბარი არ შეუწყვეტია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები