აშშ - ბრიტანეთი

ტრამპი ჯონსონს ულოცავს: ბრიტანეთს და აშშ-ს მასიური სავაჭრო შეთანხმების მიღწევა შეეძლებათ

ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი
SCMP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა:

"ვულოცავ ბორის ჯონსონს მის დიდებულ გამარჯვებას! ახლა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს ბრექსითის შემდეგ მასიური ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება შეეძლებათ. ამ შეთანხმებას აქვს პოტენციალი ბევრად დიდი და მომგებიანი იყოს, ვიდრე ევროკავშირთან ნებისმიერ შეთანხმება. იზეიმეთ, ბორის!"

ბრიტანეთში 650-დან 649 ოლქის შედეგები უკვე დათვლილია. კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 364 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 38 ადგილით მეტი.

არასახარბიელო შედეგი მიიღეს ლეიბორისტებმა. ჯერემი კორბინის პარტიამ მხოლოდ 203 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 59 ადგილით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. მარცხის შემდეგ კორბინმა თქვა, რომ შემდეგ არჩევნებზე ლეიბორისტულ პარტიას აღარ უხელმძღვანელებს.

შოტლანდიის ნაციონალური პარტია ჯამში 48 წევრს შეიყვანს პარლამენტში, რაც წინა ჯერთან შედარებით 13-ით მეტია. ეგზიტპოლის თანახმად, ლიბერალ დემოკრატებისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა - კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ორპარტიული ჰეგემონიის გარღვევის ნაცვლად, მათ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ 11 წარმომადგენელი შეჰყავთ.

გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ბრექსითის შეთანხმებას პარლამენტში მომავალ კვირას გაიტანს და ამგვარად წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს.

არჩევნები ბრექსითის ხელმეორე რეფერენდუმად აღიქმებოდა, ვინაიდან მთავარ საკითხს სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება წარმოადგენდა.

უმრავლესობის მოპოვება ჯონსონს საშუალებას მისცემს პარლამენტში გაიტანოს ევროკავშირთან მის მიერ მიღწეული ბრექსითის გეგმა, თუმცა მას კვლავ გადასაჭრელი ექნება ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების საკითხი, რისთვისაც საკუთარ თავს 11-თვიანი ვადა დაუწესა. 31 იანვრიდან ბრიტანეთი გარდამავალ ფაზაში შევა, როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყანასთან ურთიერთობების გაგრძელებაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. ჯონსონმა პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები