ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია ოცნების ახალ იდეაზე: ეს, უბრალოდ, მაფიოზობის ღიად გამოვლინებაა ივანიშვილის მხრიდან

რადიო თავისუფლება

"ეს არის, უბრალოდ, მაფიოზობის ღიად გამოვლინება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან," - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ქართული ოცნების ახალ ინიციატივას, რომელიც დღეს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.

ქართულ ოცნებას სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელიც ჩატარდება 2024 წლამდე (იქნება ეს 2020 წლის არჩევნები, თუ რიგგარეშე) შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. 

"ივანიშვილი ამბობს, რომ თუკი შერეული, არსებული უსამართლო სისტემით 2020 წელს მე რამდენიმე ფეოდალი მაჟორიტარის, მაგალითად, ენზელ მკოიანის წყალობით შევინარჩუნე ძალაუფლება, ხალხი აღშფოთდება, გამოვა ქუჩაში და მომთხოვს ვადამდელი პროპორციულის ჩანიშვნას და მე მომიწევს მისი ჩატარება და ეს იმდენად დიდი რისკია, რომ უნდა განეიტრალდეს ახლა, კონსტიტუციური უმრავლესობით, რომელიც მას არ აქვს," - უთხრა მელიამ მთავარ არხს.

ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მდინარაძემ თქვა, რომ თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება დადგება, ის არსებული შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. 

მდინარაძე ამბობს, რომ ამ მხრივ მათ ე.წ "ამბოხებულ" და შემდეგ დაწინაურებულ მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რადგან თუკი ამას არ დათანხმდებოდნენ, მაჟორიტარები თავიანთ ინიციატივას წარადგენენ, რომელიც 2024 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რომელიც ქართულ ოცნებას არ აქვს. სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობით ხსნიდნენ მმართველი გუნდის ლიდერები დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას. 

კომენტარები