ვაჟა გაფრინდაშვილი

ირინა გაფრინდაშვილი: პროცესის გადადების მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ აღიარებს ე.წ. საზღვარს

ირინა გაფრინდაშვილი - "მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი
მარნეულის სასურსათო ქარხანა

"[სასამართლო პროცესის] გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს. ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში!" - წერს ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი, ირინა გაფრინდაშვილი თავის Facebook გვერდზე.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა.

როგორც ირინა გაფრინდაშვილს აცნობეს, სასამართლო ერთი კვირით გადაიდო.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული," - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს 2-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ. ის რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები