ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

პრეზიდენტი: ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა, უფრო ამძიმებს ვითარებას. ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა.

"მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება" - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა. როგორც მის შვილს, ირინა გაფრინდაშვილს აცნობეს, სასამართლო ერთი კვირით გადაიდო.

"ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული," - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს 2-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას". დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ქართველი ექიმი, ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი 35 დღეა, ოკუპანტებს დატყვევებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები