ქართული ოცნების აქცია

მდინარაძე: ტრანსპორტი არ ჰყოფნით ჩვენს მომხრეებს, რომ თბილისამდე ჩამოვიდნენ ღონისძიებაზე

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

უმრავლესობის წევრები უარყოფენ, რომ ხვალ, 14 დეკემბერს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაზე ადამიანები იძულებით მიჰყავთ. 

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, აქციაზე მისვლას საკუთარი ნებით ბევრი ადამიანი აპირებს და მათ ტრანსპორტი არ ჰყოფნით. 

"ისედაც ძალიან ბევრი ადამიანია, რეგიონებიდან უკვე ინფორმაცია გვაქვს, რომ ტრანსპორტი არ ჰყოფნით ჩვენს მომხრეებს, რომ თბილისამდე ჩამოვიდნენ და შეუერთდნენ ამ ღონისძიებას",-ამბობს მამუკა მდინარაძე. 

"ქართული ოცნების" აქცია ხვალ, 14 დეკემბერსაა დაგეგმილი. "ოცნება" ამტკიცებს, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება. 

NGO-ების ინფორმაციით, ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მიერ ადამიანების მობილიზაცია მიმდინარეობს, რაც, ძირითად შემთხვევებში, ქართული ოცნებისს ადგილობრივი ოფისებიდანაა მართული. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, სამართლიანი არჩევნების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ღია საზოგადოების ფონდის განცხადების მიხედვით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მობილიზაციაში ჩართულნი არიან სოფლებში მერიების წარმომადგენლები და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითებით. 

11 დეკემბერს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდი უერთდება. კახა კალაძის თქმით, "საზეიმო ღონისძიებაზე, მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები