ვაჟა გაფრინდაშვილი

"ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე"-გაფრინდაშვილის ოჯახის აქცია საოკუპაციო ხაზთან 15 დეკემბერს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ. 

"რადგან თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა, ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება და ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა და გამოვხატოთ სოლიდარობა",-თქვეს ოჯახის წევრებმა.  

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

35-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. დღეს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.  

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები