თავდასხმა გიგი უგულავაზე და გოკა გაბაშვილზე

უგულავა-გაბაშვილის ინციდენტის მოწმე: პოლიციას არ დავუკითხივარ

ქეთევან ჯავახიშვილი, რომელიც ესწრებოდა 12 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ევროპული საქართველოს გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს, წერს, რომ პოლიციას ის კვლავ არ დაუკითხავს. 

“მოწმე ვარ იმისი, რაც თბილისის აეროპორტში მოხდა 2 დღის წინ. მოწმე, რომელიც პოლიციამ არ დაკითხა, მაგრამ ჩავთვალე, რომ კამერებს ამოიღებდნენ, რომელიც ზუსტად ჩვენი მაგიდის თავზე იყო და ვიფიქრე, რომ ამიტომ არ იყო ჩემი ჩვენება მნიშვნელოვანი. მერე წავიკითე და გავიგე, რომ კამერების ამოღება არ შეიძლება, არიან მოწმეები რომლებიც დაკითხეს, მაგრამ არაფერი დაუნახავთ,” - წერს ჯავახიშვილი.

ის აგრეთვე მომხდარის დეტალებსაც იხსენებს. მისი მონაყოლის მიხედვით, უგულავა თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი, შესაბამისად, აბსურდულია ბრალდება, თითქოს, თავად სცემა ძიუდოისტს. 

“ადამიანი კითხულობდა მონოლოგს, არ აინტერესებდა რომ არ პასუხოდბნენ, ილაპარაკა თვითონ გაბრაზდა და გადავიდა გინებაზე. ის მეორე, რომელიც დღეის მდგომარეობით უგულავამ ცემა, შემოვიდა და არც უკითხავს რა ხდება, არც სიტუაციის განეიტრალება უცდია, დაიწყო ჭიდაობა. როცა პოლიცია მოვიდა, წაიყვანა ის ორი... ორივე კარგად იდგა ფეხზე, და სახეზეც არაფერი ეტყობოდათ. გიგის თვალი ქონდა დაზიანებული, გოკას ფეხი, მოკლედ მოხსნეს რეისიდან (შეხედეთ როგორ გამოიყურებით სად წახვალთო",-წერს ის. 

11 დეკემბერს უგულავასა და მის თანაგუნდელს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. ევროპული საქარველოს ლიდერები საქმიანი ვიზიტისთვის მიფრინავდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ნაცვლად ბრალის გავაშელიშვილისთვის წაყენებისა, უწყებამ ბრალი უგულავას წარუდგინა. ძიუდოისტი გავაშელიშვილი ამტკიცებს, რომ მას უგულავამ სცემა და ამ სცემის შედეგად მან ფიზიკური ტკივილი განიცადა.

გავაშელიშვილის ჩვენებაში, რომელიც მთავარმა არხმა მოიპოვა, ძიუდოისტი წერს, რომ მან შორიდან დაინახა, რომ მისი მეგობარი დავით პარკაძე და პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. 

"რა დროსაც გიგი უგულავამ დავით პარკაძეს მიმართა უცენზურო სიტყვებით, შეაგინა და გაიწია მისკენ დასარტყამად. გიგი უგულავას მიახლოების საშუალება არ მივეცი დავით პარკაძესთან, ჩავდექი მათ შორის და შევეცადე, შემეჩერებინა გიგი უგულავა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მომიქნია მუშტი, რომელიც მე მოხვდა სახის არეში, კერძოდ კი მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. მოგერიების მიზნით მე ხელი ვკარი გიგი უგულავას და მოვიშორე იგი, ამის შემდეგ გიგი უგულავამ რამდენჯერმე დამარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში," - წერს ძიუდოისტი. 

სპორტსმენის ჩვენებით, უგულავა ამჯერად მას მივარდა და მათ შორის ძიძგილაობა დაიწყო, რაც ჭიდაობაში გადაიზარდა.

"რა დროსაც გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ დამარტყა ხელი სახის არეში, კერძოდ კი, ტუჩის არეში მარჯვენა მხარეს. ჭიდაობის დროს ჩვენ ორივენი წავიქეცით იატაკზე. აქვე აღვნიშნავ, რომ გიგი უგულავას მიერ მოყენებული თითოეული დარტყმის შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი და მივიღე ფიზიკური დაზიანება,"- ყვება ძიუდოისტი. 

ათლეტის თქმით, მათ შორის არსებული ჩხუბი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, რომლებიც მათთან გასაშველებლად მივიდა. 

"მინდა, განგიმარტოთ, რომ გიგი უგულავას მიერ მოყენებული დარტყმების შედეგად მე დაზიანება მივიღე მარჯვენა თვალ-ბუდის არეში, ტუჩის არეში მარჯვენა და აღნიშნული დაზიანებები მომაყენა გიგი უგულავამ და დაზიანებების მოყენებისას განვიცადე ფიზიკური ტკივილი. ინციდენტის დროს მე ასევე დამიზიანდა ტანსაცმელი, მოწითალო ფერის სვიტერი, რომელიც გაიხა ყელის, კისრის, მკერდის და მარცხენა იღლიის მხარეს,"- ყვება გავაშელიშვილი. 

საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერსს უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ასევე ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა - პოლიტიკოსმა პასპორტი და ID ბარათი უნდა ჩააბაროს. 

უგულავა მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ივანიშვილს, როდესაც თავდამსხმელები მიუგზავნა, რათა მას ქვეყნიდან გასვლა არ შეძლებოდა.

კომენტარები