ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის მეუღლე: მეგონა, პროვოკატორებს აქამდეც დაგვიძახებდნენ, ალბათ ახლა ნება მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: TV პირველი

ოკუპირებულ ცხინვალში გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თქმით, ის აქამდეც ელოდა, რომ მის ოჯახს პროვოკატორებს დაუძახებდნენ.

თამილა ლაფანაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში გამოეხმაურა ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს წევრს, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს "იდიოტები" და "პროვოკატორები" უწოდა და აგინა.

"...დღეს არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს, მაგრამ როდესაც ცხინვალის ციხეში ტყვე ყავთ გამოკეტილი, ვფიქრობ, ეს ცოტა ჩრდილავს საზეიმო განწყობას. პროვოკატორების ძახილს, მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ. ეტყობა, ახლა უკვე ნება მისცეს ვიღაცებმა, საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად 'გაიშიფრება' ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რასაც აქამდე დგამდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არ არის საკმარისი“, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

------------------

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები