ერეკლე კუხიანიძე

ზარქუა კუხიანიძეზე: ალბათ, ემოციურ ნიადაგზე თქვა. ბოდიში ენმ-მ მოიხადოს, ამ რეჟიმში რომ ვართ

ირაკლი ზარქუა | ერეკლე კუხიანიძე
ირაკლი ზარქუა/ tbsakrebulo.gov.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრისა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის გინებას გამოეხმაურა.

კუხიანიძემ ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს იდიოტები, პროვოკატორები უწოდა და აგინა.

"განცხადება, შეიძლება, რაღაც ემოციურ ნიადაგზე იყოს გაკეთებული და მე ვისურვებდი, რომ ყველა, მათ შორის მეც, ყველამ გარკვეული ემოციები უკან დავიტოვოთ და პრაგმატულად გავაკეთოთ ხოლმე ესა თუ ის განცხადება.

ბოდიში უნდა მოიხადოს სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ჩვენ ამ რეჟიმში ჩაგვაგდო," - თქვა ირაკლი ზარქუამ მთავართან ინტერვიუში.

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები