ვაჟა გაფრინდაშვილი

მაჭარაშვილი კუხიანიძეზე: მიუღებელია, თუმცა მეორე მხარემ არ უნდა გამოიწვიოს კონკრეტული ძალა

გურამ მაჭარაშვილი | ერეკლე კუხიანიძე

"რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, თუმცა, მეორე მხარესაც მინდა მოვუწოდო, რომ არ იყოს მცდელობა, რომ გამოიწვიოს რომელიმე ან კონკრეტული პირი ან კონკრეტული ძალა," - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ლაგოდეხისა და ყვარელის მაჟორიტარი გურამ მაჭარაშვილი თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრის, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ერეკლე კუხიანიძის გინებას.

კუხიანიძემ ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს აგინა და იდიოტები, პროვოკატორები უწოდა.

გურამ მაჭარაშვილი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის წინააღმდეგ წასულ დეპუტატთაგან ერთერთია. ის სწორედ ამ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დააწინაურეს და ახლა საპროცედურო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ჟურნალისტების კითხვაზე, "მეორე მხარე" ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მიემართებოდა თუ არა, მან უპასუხა - "არა, მე ზოგადად ვაკეთებ ამ კომენტარს".

"ყველას მოვუწოდებ, რომ იყოს არა სიძულვილის ენაზე საუბარი," - აგრძელებს ის.

მან კითხვაზე, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ არა ერეკლე კუხიანიძემ, როგორც საჯარო მოხელემ, პასუხის გაცემას თავი აარიდა და თქვა:

"ალბათ, ჯობია, რომ დღეს კომენტარები სხვა რაღაცაზე გავაკეთოთ".

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები