თეა წულუკიანი

წულუკიანი მოსამართლეებზე ევროსაბჭოს განცხადებაზე: ჩემი რჩევაა, ჩვენი კანონები გაიზიარონ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ ვართ, მე მინდა მათ შევახსენო, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა. ჩვენ მივიღეთ კანონი, ზოგიერთ თვით დასავლეთ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები ასარჩევად. ამიტომ მე მათ პირიქით რჩევას მივცემდი, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავიანთი უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები სწორედ ღია ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია საქრთველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი." თქვა მან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნიმ (საფრანგეთი, ALDE) სინანული და იმედგაცრუება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშნვის გადაწყვეტილებაზე, რაც საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ასამბლეის, რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს შორის არიან პირები, რომლებსაც საჭირო ცოდნა და დამოუკიდებლობა არ აქვთ.

გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა გაავრცელა განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი ხასიათდებოდა მთელი რიგი ჩავარდნებით, მათ შორის გამჭვირვალობისა და მოსამართლეებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობით.

ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც საკუთარ ფეისბუკ გვერდზე. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უზენაესის სასამართლოს შერჩევის და დამტკიცების პროცედურებში არ იყო ასახული ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ამავდროულად, აშშ-ის საელჩოში ამბობენ, რომ უკვე დამტკიცებულ სიაში მოხვდნენ კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატურებს.

კომენტარები