არჩევნები 2020

წულუკიანი მრავალმანდატიან ოლქებზე: ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, დიპკორპუსის მონაწილეობით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან ხელისუფლების აზრით, ეს მოდელი საქართველოსთვის მისაღები ვერ იქნება.

"ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში, არის მხოლოდ ერაყში და ალბათ, იმ ქვეყნებში ეს მოდელი, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება.

მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს, ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მაგალითად, მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ანუ მაჟორიტარი, დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს წარმომადგენლობითობის პრინციპი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, რომ ეს მოდელი არსებობს მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში. საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი ანუ პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს.

ალბათ მომავალ შეხვედრაზე სრულიად ახალ ინიციატივაზე ვისაუბრებთ, შემდეგ შეხვედრაზე აღარ განვიხილავთ იმ ყველაფერს, რაზეც დღეის ჩათვლით ვიმსჯელეთ. საჭირო იქნება, რომ რაღაცა ახალი, სრულიად ახალი ინიციატივა გაჩნდეს... ეს არის იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩვენ ძალიან ბევრი საათი მოვანდომეთ იმის ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის" - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

კომენტარები