არჩევნები 2020

ვოლსკი მრავალმანდატიან ოლქებზე: ვერანაირ კომპრომისს ხალხის ხარჯზე ვერ დავუშვებთ

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების პირობებში არჩევნების ჩატარება "უსამართლო" იქნება. ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ვოლსკიმ თქვა, რომ "ვერანაირ კომპრომისს ხალხის ხარჯზე ვერ დავუშვებთ".

"შემოთავაზებული სისტემა კონსტიტუციასთან ახლოს არის, მაგრამ იმდენად დიდია უსამართლობა, რომელიც ასეთი სისტემით არჩევნების შედეგებს შეიძლება მოჰყვეს, რომ ერაყსა და ავღანეთშიც კი, სადაც ეს სისტემა არსებობს, იქაც ამის ცვლილებაზე ლაპარაკობენ. გამსხვილებულ ოლქებში, ადამიანი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, შეიძლება აბსოლუტურად არ წარმოადგენდეს მოსახლეობას, შეიძლება, მან დუშეთში მიიღოს მეტი ხმა და სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდეთ მის მიმართ თელავში ან ყვარელში. ასეთი მაგალითი ბევრი შეიძლება მოვიყვანოთ. ეს რეალობაა და ამ რეალობის დასაძლევად, ალბათ, კიდევ ერთი რაუნდი იქნება საჭირო. 30-მა პარტიამ ერთმანეთში უნდა მოილაპარაკოს ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე.

ვერ შევთანხმდებით ვერანაირად ისეთ ფორმულირებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება, გარდა ამისა, ქვეყნის სტაბილურობა სამართლიანობაზეა დამყარებული და ვერანაირ კომპრომისს ხალხის ხარჯზე ვერ დავუშვებთ. თუმცა, შეხვედრებს ყოველთვის აქვს გარკვეული აზრი" - ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

კომენტარები