არჩევნები 2020

როგორ დასრულდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ტაბულა

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპკორპუსის მონაწილეობით გაიმართა, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება ვერც ამ ეტაპზე შედგა, თუმცა, დიალოგი გაგრძელდება. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

15 დეკემბრის შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. ერთი კვირის წინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მრავალმანდატიანი ოლქების წარმომადგენლობითობის პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და "საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება".

"მით უმეტეს, რომ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი ანუ პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს მოსახლეობას" - ამბობს წულუკიანი.

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების პირობებში არჩევნების ჩატარება "უსამართლო" იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის აზრით კი, "მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, აირჩიოს თავისი წარმომადგენლები". ხელისუფლების აზრით, "მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობას და ინტერესებს", რადგან "ოლქების გამსხვილება ართულებს მაჟორიტარის და მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას". 

ხელისუფლების წევრები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი საჭიროა, დიალოგი გაგრძელდება და "არის სივრცე, სადაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი". ოპოზიციონერი ლიდერების აზრით კი, ხელისუფლება დროის გაწელვას ცდილობს და ამიტომაც ითხოვა დრო პარასკევამდე. მათი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ არსებული საარჩევნო მოდელი შესაცვლელია, თუმცა, "დედამიწის ზურგზე არსებული არც ერთი სამართლიანი სისტემა" არ უნდათ. 

"ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც ხელისუფლების შენარჩუნების შანსი ექნებათ. კი ბატონო, მივცემთ კიდევ პარასკევამდე დროს" - ამბობს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე.

20 დეკემბერს საარჩევნო სისტემის როგორ მოდელზე ისაუბრებენ, დაზუსტებული არ არის. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებითაც ითხოვა დამატებითი დრო. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით კი, "ალბათ, მომავალ შეხვედრაზე სრულიად ახალ ინიციატივაზე ვისაუბრებთ, შემდეგ შეხვედრაზე აღარ განვიხილავთ იმ ყველაფერს, რაზეც დღეის ჩათვლით ვიმსჯელეთ".

15 დეკემბრის შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც აღნიშნა, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.

"ყველა დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რათა დემოკრატიისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგას. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს პარლამენტში მაჟორიტარული ადგილების შევსების პრინციპი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის მოდელის მიხედვით. დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ღია დავტოვეთ კარი იმისათვის, რომ შუამავლებმა გააგრძელონ კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით, იმ დაშვებით, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით უქმეეების დაწყებამდე", - ამბობს ელიზაბეთ რუდი.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად, ოპოზიციამ მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტია. ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საუბრობს არაერთი კონსტიტუციონალისტი და უცხოელი პარტნიორი. კანონპროექტი შესაფასებლად ეუთო/ოდირსაც გადაეგზავნა.

იმის გამო, რომ ხელისუფლება ე.წ გერმანულ მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს ეწინააღმდეგება, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები