გიგა ბოკერიას საქმე

ბოკერია: ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ დაკითხვებზე დაბარებებით გადაწყვეტს თავის პრობლემებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხვალ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს. გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება დეპუტატმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ, ახლა გაახსენდათ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. ეს არის უშიშროების საბჭოს საქმიანობაზე გამოძიება, თუ გახსოვთ, ივანიშვილიც საუბრობდა საჯაროდ მაშინ და იმუქრებოდა. მაშინ დამკითხეს ამაზე ვრცლად. ახლა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში დააანონსა დაჭერები, არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ბუნებრივია, ლოგიკურია, მაგას ჰგავს" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ამ მეთოდებით ცდულობს საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას.

"ჩემზე არ არის აქ საუბარი, გიგი უგულავას აქვს ბრალი წარდგენილი, მელიას აქვს ბრალი, სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წარდგენილი და ხელისუფლებას ეს მიაჩნია თავის გადარჩენის გზად, ღრმად ცდებიან, ცალკეული პერსონების გამოთიშვა არაფერს არ ცვლის, ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი - გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ ანუ უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ან გააგრძელოს ეს უტიფრობა თუნდაც სხვადასხვა დაკითხვაზე დაბარებით, დევნით და ცუდად დაამთავროს ძალიან მისთვის" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია, "რომ ბრალის წაყენებით ან დაკითხვაზე დაბარებით გადაწყვეტს ამ პრობლემას, რომელიც მას აქვს".

"ეს არის დიდი შეცდომა მისთვის, ძალიან მძიმედ დაუმთავრდება, სასურველი იყო, ამ უტიფრობის გზაზე არ დამდგარიყო და პირიქით, გონს მოსულიყო, თუ არ მოეგება გონს და ამას აგრძელებს, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ" - აღნიშნავს დეპუტატი.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გამოკითხვაზე ხვალისთვის დაიბარეს. საქმე ეხება  უშიშროების საბჭოს საქმიანობას, რომლის მდივანიც გიგა ბოკერია იყო. გამოძიება 2014 წელს დაიწყო და სწორედ მაშინ დაკითხეს გიგა ბოკერია მოწმის სახით პირველად, ხოლო მეორედ - ახლა იბარებენ. 

"2014 წელს ყველაფერი მკითხეს, რაც კი, საბჭოს საქმიანობას და იმ გადაწყვეტილებებს ეხებოდა, რომელსაც მე ვიღებდი. როგორც ჩანს, საქმე ფორმალურად არ შეწყვეტილა, მაგრამ 5 წელიწადი არაფერი არ გახსენებიათ. ეს საქმე ჩაიფარცხა მაშინ, რადგან აბსურდული იყო და სხვა პოლიტიკური ფიგურები მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ ამ ეტაპზე, ახლა ამ პოლიტიკური კრიზისის დროს გაიხსენა ეს, მას შემდეგ, რაც საჯაროდ დაიქადნა" - ამბობს ბოკერია.

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გამოძიება 2014 წელის აპრილში დაიწყო. საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული

ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები