გიგა ბოკერიას საქმე

პროკურატურა: კითხვები გვაქვს უშიშროების საბჭოში გიგა ბოკერიას დადებულ ხელშეკრულებებზე

"გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", - უთხრეს ტაბულას საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზეა დაბარებული.

"ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოკითხვაზე ხვალისთვის დაიბარეს. საქმე ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობას, რომლის მდივანიც გიგა ბოკერია იყო. გამოძიება 2014 წელს დაიწყო და სწორედ მაშინ დაკითხეს გიგა ბოკერია მოწმის სახით პირველად, ხოლო მეორედ - ახლა იბარებენ.

გიგა ბოკერიას თქმით, ხვალ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გამოძიება 2014 წელის აპრილში დაიწყო. საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული

ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები