თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.
"რამდენიმე დღეში დავასრულებთ ქალაქის საახალწლოდ მორთვას, რაც 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება", - თქვა თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ.
აღსანიშნავია, რომ წელს, თბილისის მერიამ ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯა ნაძვის ხესა და განათებებში. მერია 1 250 000 ლარს უხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში. ამის გარდა, მერიამ დამატებით 455 000-ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში.
ნაძვის ხეში კი, ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი იხარჯება - ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევროა.
IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.