ერეკლე კუხიანიძე

კანდელაკი: თუ კუხიანიძეს არ გადააყენებენ, ნიშნავს, რომ "ოცნება" მის პოზიციას იზიარებს

ევროპული საქართველო თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს "სამარცხვინო, მაგრამ ნიშანდობლივ გამოხტომას" უწოდებს. გიორგი კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია კუხიანიძეს არ გადააყენებს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან, ჩაითვლება, რომ ქართული ოცნების მის პოზიციას იზიარებს ვაჟა გაფრინდაშვილის და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე.

"მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი პატრიოტი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და პირდაპირი გაგებით აგინა მათ. როცა ამას მოჰყვა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება, მან "სერიოზულ ფსიქიურ აშლილობაში" დაადანაშაულა ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, როგორც თვითონ თქვა. გარდა ამისა, ბატონმა კუხიანიძემ შეცდომად გამოაცხადა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის სსრკ-ს პერიოდში და საქართველოს დააბრალა 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესია.

მივმართავ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას - შეიძლება კი, ადამიანი, რომელიც აგინებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, რომელიც გაფრინდაშვილის ქცევას, გმირულს საქციელს უწოდებს "მყრალ პროვოკაციას", იკავებდეს ასეთ მაღალ თანამდებობას, კომისიის თავმჯდომარეობას საკრებულოში? მანამ, სანამ ბატონი კუხიანიძე იკავებს ამ თანამდებობას, ქართული ოცნება ფაქტობრივად იზიარებს მის პოზიციას. კი ვიცით, რომ ქართული ოცნების ძალიან ბევრი ლიდერი ზუსტად იგივე აზრისაა, მაგრამ მათ ჭკუა ყოფნით და ამაზე არ საუბრობენ.

ბატონი კუხიანიძის არგადაყენება გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან და სამართლიანი იქნებოდა მისი საკრებულოდან გაწვევა საერთოდ, იქნება ქართული ოცნების მხრიდან მისი პოზიციის გაზიარება, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, ისე იმ სხვა საკითხებთან მიმართებით, რომლებზეც ერეკლე კუხიანიძემ ასეთი სამარცხვინო პოზიცია გამოხატა" - თქვა კანდელაკმა.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

კომენტარები