ერეკლე კუხიანიძე

"ღორი", "ნაძირალა" - საკრებულოში, "ოცნების" დეპუტატ კუხიანიძის კაბინეტთან დაფა ჩამოხსნეს

ელენე ხოშტარია

პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან მივიდნენ და ითხოვენ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ მანდატი დატოვოს, შენობაში შეუშვეს.

მათ შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძესთან გამართეს.

შენობაში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, ელენე ხოშტარიაც.

მან ფეისბუქზე ერეკლე კუხიანიძის რეგალიების დაფის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანამდებობა გადახაზულია და მიწერია "ღორი", "ნაძირალა".

ელენე ხოშტარია წერს, რომ საკრებულოს თავმჯდომარისგან ვერ მიიღო პასუხი, "როდის გააგდებენ" კუხიანიძეს, ამიტომ დეპუტატის კარებთან არსებული დაფა მოხსნა და წარწერები გააკეთა.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

კომენტარები