არჩევნები 2020

კაპანაძე: მრავალმანდატიანი სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, სადაც პრობლემა დიქტატურა იყო

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის განმარტებით, მრავალმანდატიანი მაჟორუტარული ოლქები ბევრ იმ ქვეყანაში მოქმედებდა, სადაც ძალაუფლების არაპროპორციული განაწილების პრობლემა ჰქონდათ. კაპანაძემ TV იმედის ეთერში იუსტიციის მინისტრს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მრავალმანდატიანი ოლქები მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში აქვთ და ეს მოდელი საქართველოში ვერ იმუშავებს.

"ეს მოდელი წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტური სამხრეთ კორეაში, წლების განმავლობაში იყო და დღეს კიდევ არის იაპონიის სენატში, ასევე წლების განმავლობაში იყო შვეიცარიის კანტონებში ანუ არის ჩვეულებრივი მიღებული სისტემა. ავღანეთს, ერაყს და ლიბიას ეს სისტემები შეუქმნა საერთაშორისო თანამეგობრობამ, თავისით არ მოუგონიათ ეს სისტემა. თეა წულუკიანმა მაგდენიც უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნებში პრობლემა სწორედ ერთპიროვნული და დიქტატორული, ავტორიტარული მმართველობა იყო და ამ სისტემის დაზაინი დასავლურმა პარტნიორებმა გაუკეთეს. ამიტომ, ავღანური სისტემა კი არ არის, ეს არის სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებს იაპონიაში, წლების განმავლობაში მოქმედებს სამხრეთ კორეაში და ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედებდა, მაშინ როცა პრობლემა იყო ძალაუფლების არაპროპორციული გამაწილება, ის, რაც დღეს გვაქვს ჩვენ" - თქვა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ "ლიბია არ უხსენებია ქალბატონ თეას, მაგდენი არ წაუკითხავს ეტყობა, მარტივად დაგუგლა ან ვიღაცამ უთხრა".

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმითვე, "ხვალ რომ უთხრას ივანიშვილმა წულუკიანს, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო სისტემა დაიცვას, ქალბატონი თეა გამოვა და იტყვის - ავღანეთში ყველაზე მაგარი სისტემაა და ბატონი ბიძინა და ავღანეთის ამ სისტემის დიზაინერები ერთმანეთს ეთანხმებიანო".

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპკორპუსის მონაწილეობით გაიმართა, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება ვერც ამ ეტაპზე შედგა, თუმცა, დიალოგი გაგრძელდება. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

15 დეკემბრის შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა. ერთი კვირის წინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მრავალმანდატიანი ოლქების წარმომადგენლობითობის პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და "საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება".

კომენტარები