ლიბანი

ლიბანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, დაშავდა 46 ადამიანი

CNN

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ანტისამთავრობო გამოსვლები კვლავ გრძელდება. მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის მოედანზე შესვლა სცადა, რომელიც 17 ოქტომბერს აქციების დაწყებიდან დაკეტილია. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სხვადასხვა დაზიანებებით 46 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოსახლეობის ნაწილი დროებითი პრემიერმინისტრის საად ჰარირის მთავრობის ლიდერად შესაძლო ხელახლა დანიშვნას აპროტესტებს, ნაწილი კი დროებითი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეზბოლასთან დაკავშირებული ჯებრან ბასილის წინააღმდეგ გამოვიდა. ბასილი ირწმუნება, რომ მისი პარტია მომავალ მთავრობაში არ იქნება.

ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ კი გამოაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში სურთ ყოფნა, რასაც ჰარირი ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ 29 ოქტომბერს სატელევიზიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტ მიშელ აუონს მისი მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა.

მას შემდეგ ახალი მთავრობის შექმნისთვის აუონს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეთანხმებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია. მომიტინგეთა ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და სხვა მაღალჩინოსნების, მათ შორის აუონის, გადადგომასაც ითხოვენ.

მომიტინგეები თავდაპირველად ქუჩაში WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის დაწესების თაობაზე მთავრობის ინიციატივის გამო გამოვიდნენ, თუმცა შემდეგ პროტესტი პოლიტიკური მდგომარეობის და კორუფციის წინააღმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა.

კომენტარები