ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: ცოტა ხანს გავაკეთოთ პაუზა, ძალიან სერიოზულ გადაცემაში ყველაფერზე ვისაუბრებ

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე არ პასუხობს კითხვას, დატოვებს თუ არა საკრებულოს დეპუტატის მანდატს ან მოუხდის თუ არა ბოდიშს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

"დღეს საღამოს ვაპირებ, ძალიან სერიოზულ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა და ამ ყველაფერზე ვილაპარაკო. მინდა ყველას მივმართო, ცოტა ხანი გავაკეთოთ პატარა პაუზა, მე მექნება საშუალება, რომ საზოგადოებას ყველაფერი ვუთხრა, ჩემი პოზიცია, ამის მერე გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ამას განვიხილავ ყველაფერს და ნაკლები ემოციის ფონზე მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომელიც იქნება დამაკმაყოფილებელი" - თქვა კუხიანიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში. 

კითხვაზე, გრძნობს თუ არა დამნაშავედ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წინაშე და აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს - "მე მეტს არაფერს არ გეტყვით, ეს არის ამოწურული პასუხი". მან ასევე არ უპასუხა კითხვას, დატოვებს თუ არა საკრებულოს და ტელეფონი გათიშა.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

კომენტარები