გიგა ბოკერიას საქმე

"ივანიშვილს ჰგონია, ამ მეთოდებით ჩაახშობს მოსახლეობის ბრაზს" - ბოკერია გამოკითხვაზე მივიდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს. ბოკერიამ პროკურორის განცხადებაზე, რომ საქმეზე ახალი გარემოება გამოიკვეთა, თქვა, რომ ახალი გარემოება არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომლის წინაშეც ბიძინა ივანიშვილი დგას.

"ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნების ბანდა, პოლიტიკურ აგონიაშია. ჩემი შემთხვევა არ არის არც პირველი და არც მეორე, ზოგადად ამ კურსს დაადგა და მიაჩნია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს და ჩაახშობს იმ ბრაზს და აღშფოთებას, რომელიც აქვს არა ცალკეულ პერსონებს და პარტიებს, არამედ საზოგადოებას ან მის უდიდეს ნაწილს. ეს არის სიბრიყვე, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ზოგადად, აქ ჩემს პერსონალიაზე არც არის ლაპარაკი. რაც უფრო მეტ უტიფრობას ჩაიდენს და ასლანის გზას დაადგება, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ფინალი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა, გონს მოეგოს და ეს შეურაცხყოფა უკან წაიღოს, რაც ხალხს მიაყენა, თუ ვერ მოეგება გონს, მაგ სცენარისთვისაც მზად ვართ" - ამბობს ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები