გიგა ბოკერიას საქმე

წულუკიანი ბოკერიაზე: დევნა არ მგონია, გამომძიებელი ან პროკურორი არ ვარ და ეს ძალიან კარგია

"არ მგონია, რომ რაიმე დევნაა. მე არც გამომძიებელი გახლავართ, არც პროკურორი და ეს ძალიან კარგია. არ ვიცი რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მე ვიცი ზოგადი პრინციპი, რომ, როდესაც კანონს და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ პირისადმი შეკითხვა, სანამ საქმე ხანდაზმული არ არის, ეს კითხვა შეიძლება დაისვას ნებისმიერ დროს", - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტების კითხვას გიგა ბოკერიას პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, თუ არა ეს შეფასდეს, როგორც პოლიტიკური დევნა.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ცოტა ხნის წინ მივიდა. ბოკერია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

ოპოზიციონერი ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები