გიგა ბოკერიას საქმე

პროკურორი: ბოკერიას უამრავი ახალი კითხვა დავუსვით, თუმცა, პასუხები არ გაგვცა

პროკურორ ბექა კვიციანის მტკიცებით, ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგა ბოკერიას გამოძიებამ "უამრავი კითხვა დაუსვა". მისივე თქმით, ბოკერიას ახალი კითხვები დაუსვეს, რადგან "დამატებით გამოკითხვაზე ძველი გამოკითხვის დროს დასმული კითხვები არ მეორდება".

"თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ, არ გაგვცა კითხვებზე პასუხები, ზოგადი ფრაზებით ისაუბრა და კონკრეტული პასუხები არ გაგვცა. რამდენად ამომწურავი იყო, იყო თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხები, ვერ მოგახსენებთ, რადგან საქმეს ადევს გრიფი საიდმულო" - ამბობს პროკურორი.

თავად გიგა ბოკერიას და მისი ადვოკატის მტკიცებით, გამოკითხვაზე არ დაუსვამთ 2014 წლისგან განსხვავებული არც ერთი კითხვა და არც ერთი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა.

"უფრო მეტიც, გამოძიება როცა ამბობს, რომ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები,  თუ რაიმე ჩასატარებელი იყო, 2014 წლიდან 2019 წლამდე გამოძიებას ეძინა? ეს ხომ არასერიოზულია. ის, რომ თითქოს ჩაატარეს რამე ახალი საგამოძიებო მოქმედებები, არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რომ ხელახლა წამოეწყოთ ეს საქმე ბოკერიას წინააღმდეგ" - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები